ახალგაზრდა თურქ მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, თოკით დააბეს, სასტიკად სცემეს და ღირსების შემლახავი ვიდეო ტელეფონით გადაუღეს. “კურიერის” ინფორმაციით, თურქეთის ორმა მოქალაქემ, მსხვერპლი სოფელ ციხისძირში ნაქირავებ სახლში მოტყუებით მიიყვანა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, ქალის ტანსაცმლის ჩაცმა მოსთხოვა. მამაკაცმა ზეწოლას ვერ გაუძლო და დამნაშავეების მოთხოვნას დათანხმდა. დაზარალებულს დამამცირებელ მდგომარეობაში ვიდეოები და ფოტოები გადაუღეს, რის შემდეგაც, ჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრნენ, თუ მსხვერპლი მის კუთვნილ ძვირადღირებულ ავტომობილს მოძალადეებს არ გადაუფორმებდა.
დაზარალებულმა თურქმა მამაკაცმა, შანტაჟის და მუქარის შემდეგ, დამნაშავეების მოთხოვნა შეასრულა და დაახლოებით 30 ათას დოლარად შეფასებული ავტომობილი, მოძალადეებს გადაუფორმა. ამის მიუხედავად, ჩანაწერებმა ინტერნეტში მაინც გაჟონა, რის შემდეგაც, საქმეში პოლიცია ჩაერთო. “კურიერის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს ციხისძირში მდებარე ნაქირავებ სახლში. ამოღებულია ჩანაწერები და დანაშაულის სხვა მტკიცებულებები. იმავე დღეს, პოლიციამ დააკავა საქმის მთავარი ფიგურანტი ალი სავაშკინი და მისი თანამზრახველი, მუსლუმ ოღუზი.
გამოძიების პროცესში გაირკვა, რომ გამოძალვის გარდა, თურქეთის მოქალაქე ალი სავაშკანი ბათუმში ნარკოტიკების გასაღებითაც იყო დაკავებული. სამართალდამცველებმა მას ხელბორკილები სწორედ იმ დროს დაადეს, როდესაც ერთ-ერთ ლოკაციაზე, ნარკოტიკული საშუალების დადებას ცდილობდა. დაკავებულების ადვოკატი, საქმის გასაჯაროების წინააღმდეგია და “კურიერთან” მომხდარის დეტალებზე არ საუბრობს.
ადვოკატისგან განსხვავებით, საქმის დეტალებზე და დანაშაულის მოტივზე საუბრობს პროკურორი. ბრალდების მხარე “კურიერს” უდასტურებს, რომ საქმეში მთავარი მტკიცებულება ის ჩანაწერებია, რომელიც დაზარალებული მამაკაცის დამამცირებელ მოპყრობას ასახავს.
გამოძალვისა და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ თურქეთის მოქალაქეებს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.