ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი კონეკტიკუტის შტატში, საკუთარ სახლში 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ჰენრი კისინჯერი გერმანიაში, ებრაულ ოჯახში დაიბადა.1930-იან წლებში მისი ოჯახი იძულებული გახდა, გაქცეოდა ნაცისტურ გერმანიას. ისინი აშშ-ში გადასახლდნენ.
1960-იანი წლების ბოლოდან კისინჯერი იყო აშშ-ის პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო 1973-1977 წლებში სახელმწიფო მდივანი.
კისინჯერის ძალისხმევამ გამოიწვია აშშ-სა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. მან ასევე დიდი წვლილი შეიტანა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბული ურთიერთობის განმუხტვაში.
1973 წელს ჰენრი კისინჯერს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა ვიეტნამში ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის.