1993 წლის სექტემბრის შემოტევას ვიგერიებთ. არა ერთი მუხანათური შემოტევა მოუგერიებიათ სოხუმ-აფხაზეთის დამცველებს. ახლაც არ ვართ ნირწამხდარნი.
მოვიგერიებთ, დავიცავთ, – ამხნევებენ ერთმანეთს ბიჭები. ოღონდ ერთია, იარაღი, ტყვია-წამალი, „გაუბიცის“ ჭურვები არ გვაქვს საკმარისი. ჭკუა ვიხმარეთ და 27 ივლისის სოჩის მუხანათური შეთანხმების შემდეგ, გადავმალეთ ნაწილი. არ ვიცი, რა პროცენტი იყო საერთო შეიარაღების, მაგრამ გადავმალეთ. ვიღაცებს შეიძლება სჯეროდათ რუსების „გარანტორობისა“, მაგრამ აფხაზეთში საკუთარ ტყავზე და თავწაჭრილ ქართველთა მაგალითზე დავრწმუნდით ბისმარკის სიტყვების ჭეშმარიტებაში, რომ რუსთან დადებული ყველა ხელშეკრულების ფასი იმ ქაღალდზე იაფია, რომელზედაც ტექსტია დაწერილიო.
ამიტომაც გადავმალეთ.
ჯავშანმანქანებიც გადამალეს ტყეში. რისი გადამალვაც შესაძლებელი იყო. მერე კი ეძებდნენ გაერო-ს, რუსებისა და აფხაზებისგან შემდგარი „დამკვირვებლები“ გადამალულებს (შინაგამცემლები არ გვაკლდა არასდროს და აფხაზეთის ომში დაგვაკლდებოდნენ?!), მაგრამ ვერ იპოვეს. ეს ინფორმაცია კი არ ჰქონდათ, სად იყო ჩამალულ-ჩაკარგული.
ამან იხსნა სოხუმი კიდევ 10 დღე. ამან გადაარჩინა ათეულ ათასობით სოხუმელი, სოხუმისა და გულრიფშის რაიონების მოსახლეობა და გააღწიეს სამშვიდობოს: ზოგმა გემებით, ზოგმა თვითმფრინავებით, უმრავლესობამ კი ფეხით გადალახა სვანეთის უღელტეხილები. ზოგი იქ დარჩა სამუდამოდ გაყინული თუ დარდისგან გულგამსკდარი ან გადაიჩეხა ხრამებში და დარჩნენ ჭირისუფლები მათი საფლავების გარეშე.
დროდადრო ალყის გარღვევაც ხდებოდა და სამშვიდობოდან იარაღსაც გვაშველებდნენ.
მოვიგერიებთ, დავიცავთ, – ამხნევებენ ერთმანეთს ღიმილის ბიჭები.
ვიღაცას დაუცდა აზრი, ნარკომანები იბრძოდნენ სოხუმშიო. მე ისეთი ადამიანისგან მინახავს გმირობა, მანამდე მასში გმირს რომ ვერასდროს ვერაფრით დავინახავდი. ისეთი ადამიანისგან მინახავს სიმხდალე და სილაჩრე, სუფრაზე გმირი წინაპრების მაგალითით რომ ათრობდა თანამეინახეებს…
- მგონი, ვკარგავთ სოხუმს, კახა, – ერთ მზიან დღეს თანამებრძოლმა მითხრა.
- საიდან მოიტანე? ვინ გითხრა, – დავინტერესდი მისი წყაროთი.
- გულრიფშთან და სოხუმთან გემები ჩამოდგნენ და ხალხი მიედინება, ოჯახებით, ბარგი-ბარხანით.
- ასე ხომ წინა შემოტევებისაც იყო, ნუ გეშინია.
- არა, ასე არ ყოფილა. უკრაინული გემებია. ეტყობა, სერიოზულადაა საქმე.
სოხუმში ელექტროსადენები ჩაჭრა მტერმა და ტელევიზორები დადუმდნენ. ამიტომ არ ვიცოდით, რა ხდებოდა არა თუ თბილისში, ოჩამჩირეშიც კი.
დაზაფრული დადიოდა ჩემი თანამებრძოლი. ოჯახზე დარდობდა.
მესამე დღეს მეუბნება:
- სახლში უნდა წავიდე, ოჯახი უნდა გავიყვანო. გათავებულია საქმე, კახა. შენც მიდი, ნახე, რა ხდება შენებთან, იქნებ უშენოდ არ მიდიან, – მითხრა.
- წადი, წადი, გაიყვანე, მაგრამ არ დაეცემა სოხუმი. ეს ხომ საქართველოს დაცემაა, მალე დაგვიბრუნდი, – ვამშვიდებ, თუმცა მეც გულმა რეჩხი მიყო.
მას მერე აღარ მინახავს. სამწუხაროდ, სახელი და გვარიც დამავიწყდა.
26-ში მეც სახლში წავედი სახლში. გუმისთისკენ მიმავალ მანქანას დავემგზავრე და ტურბაზაში ჩამოვედი.
თბილისელი ბიჭები შემხვდნენ ჩემს სკოლასთან. ჩემი ტოლები, 19 წლისანი ან 2-3 წლით უფროსები თუ იქნებოდნენ.
- საით, ძმაო, მკითხეს.
- აქვე ვცხოვრობ, ოჯახს უნდა ავაკითხო, ვუპასუხე.
- ძმაო, ხელი მოჰკიდე და დაახვიეთ აქედან, შემოვიდნენ უკვე, ხაზი გარღვეულია.
ფეხი თუ არ ჩამეკეცებოდა, არ მეგონა. მე კომკავშირისკენ (ჩემი ქუჩაა, ახლა მუშნი ხვარწკიას სახელს ატარებს) ავდიოდი, ხალხი კი მოედინებოდა საპირისპიროდ, გულრიფშის რაიონისკენ მიემართებოდნენ.
ტაბიძეების სახლს მივუახლოვდი. სამკერვალო იდგა ჯერ კიდევ. რამდენი შარვალი შემიკერია აქ, მოდურად ჩაცმას რომ ვცდილობდი 15-16 წლის ბიჭი. და წუიიიიიილიიიიიი, რომელსაც არაერთხელ გაეხვრიტა ჩემი ყური, მე ისაა ასფალტზე გავწექი და შეზანზარდა ყველაფერი. გვერდით სახლის ეზოში ჩამოვარდა. ეს პირველი ჭურვი იყო, ჩვენს უბანს რომ დაუმიზნეს. შეიძლება სხვა მიმართულებით უნდა ჩამოვარდნილიყო და, ალბათ, „ნავოდჩიკს“ შეეშალა.
აბა, იქ არც შტაბი იყო და არც გაუბიცა იდგა, რასაც უმიზნებდნენ ხოლმე.
მივედი სახლში. არავინ არსად წასვლას არ აპირებდა.
მეზობელთა დიდი ნაწილი უბანში იყო.
- რა ხდება, კახა, – მკითხეს.
- მგონი, უნდა წავიდეთ. მგონი, ყველაფერი დასრულდა…
ყველა დაიძაფრა. გავიგე, ბიძაც (მამის ძმა) დაჭრილა…
ამასობაში კელასურიდან ბიჭებიც ჩამოვიდნენ.
- წადით, ხალხო, წადით…
…მერხეულში წავედით. ბიძამ (დედის ძმა) ამოგვაკითხა. წამოდით.
მამა არ წამოვიდა.
- წადი, დედას და იას გაჰყევი, – აცრემლებულმა კი არადა, ატირებულმა მამამ მითხრა.
ყველანი წავედით მერხეულში. მეორე დღეს იქიდან ნაწილში დაბრუნებას ვაპირებდი…
მეორე დღეს ბიძამ მანქანა დაქოქა, საბარგულში ჩაგვსვა ყველანი და სვანეთისკენ დაიძრა. სამი-ოთხი დღით და ისევ დავბრუნდებითო…
მე ჩამოვხტი. მამა და ნუგზარი არ იყვნენ მოსულნი.
ბებიას და ბაბუას გაუკვირდათ და თან გაუხარდათ, ეზოში შემოსული რომ მნახეს.
ჩავრთეთ რადიო.
სახელმწიფოს მეთაურის საგანგებო მიმართვაო.
ვითხოვ პატიებას ქვეყნისა და მომავლის წინაშე, რომ ვერ დავიცავი სოხუმი, – გვითხრა სახელმწიფო მეთაურის ყრუ ხმამ…
ერთბაშად დაყრუვდა თითქოს ყველაფერი. ჩამი-ჩუმიც არ ისმოდა. ძროხებმაც ბღავილი შეწყვიტეს, მგონი.
ერთმანეთს გადავხედეთ სამივემ და მივხვდით, რომ ბიძა და მთელი ჩვენი ნათესავები დროებით კი არ ავიდნენ სვანეთში, არამედ სამუდამოდ დატოვეს აფხაზეთი…
დღესაც თვალწინ მიდგას ბებია-ბაბუას სახე…
ვერ გადმოვცემ. არ ვარ მწერალი. ვერ აღვწერ…
შიში, გაურკვევლობა…
ყველაფერი იქ იკითხებოდა.
ჩამობნელდა. გზაზე გავედი. მანქანების ძალიან გრძელი და უწყვეტი რიგი მოედინებოდა. საცობი შეიქმნა.
ერთთან მივედი. სოხუმელები ვართო. ოქტომბერში ავდივართ ნათესავებთანო.
- ოქტომბერში კი არა, აქედან უნდა გააღწიოთ, სოხუმი დაეცა. შევარდნაძემ თქვა ახლა…
ისევ არ ვარ მწერალი, ცოლ-ქმრის სახე რომ გადმოვცე.
მამასა და ბიძაზე ვდარდობ. არ ვიცი, რა ვიფიქრო…
არც მინდა რამე ვიფიქრო.
ფერადმა ფეიერვერკმა გაანათა ღამის ცა მოშორებით.
ზეიმობენ სოხუმის მკვლელობას მკვლელები!
კარგა ხანს ფეიერვერკს ვერ ვუყურებდი სამშვიდობოს გამოსული. ფეიერვერკი სოხუმის მკვლელობას მახსენებდა.
იმ ღამეს არ გვიძინია არცერთს. შუაში ჩავუჯექი ბებია და ბაბუას, ჩავიხუტე. სამივე ვტიროდით.
შემძულდა სამყარო იმ ღამით.
მეზიზღებოდა ყველა, ვინც გაგვწირა, ვინც ბებია და ბაბუა ამიტირა…
იმ ღამით, 28 სექტემბერი რომ თენდებოდა, ფეიერვერკებით სოხუმის მკვლელობას ზეიმობდნენ მკვლელები….
კახა კვაშილავა – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
https://www.facebook.com/photo/?fbid=10224289601004487&set=a.1042805787208