ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაემიჯნა ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა არ უნდა გამორიცხონ უკრაინაში ჯარების გაგზავნა.
ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News-ი ავრცელებს.
“ნატო არ აპირებს ჯარების გაგზავნას უკრაინაში, ნატო არ არის კონფლიქტის მხარე და არც ნატოს მოკავშირეები არიან”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
იენს სტოლტენბერგის თქმით, თუ ნატოს ქვეყნები გადაწყვეტენ უკრაინაში ჯარების ინდივიდუალურად გაგზავნას, ეს გავლენას მოახდენს მთლიანად ალიანსზე, რადგან მისი წევრები კოლექტიური თავდაცვის პაქტით არიან დაკავშირებულნი.
კითხვაზე, დაუშვა თუ არა შეცდომა საფრანგეთის პრეზიდენტმა დასავლური ჯარების შესაძლო განლაგების შესახებ „სტრატეგიულ ბუნდოვანებაზე“ საუბრისას, სტოლტენბერგმა უპასუხა:
ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ კონსულტაციები გვქონდეს, საერთო მიდგომა გვქონდეს ამ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ისინი ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია.