“მთელი ცხოვრება შრომაში გალია.
არასდროს დაუწუწუნია, რომ ძალიან პატარა ასაკში დაქვრივებულმა, ბევრად მეტი შეძლო, ვიდრე სამი ოჯახი ერთად შეძლებდა.
პასუხისმგებლობა მეტი ჰქონდა. ვინმეს შვილებისთვის არ წამოეძახებინა, უმამოდ იზრდებიან და ამიტომ ყველაფერი მოაკლდათო.
შვილებისთვის დედაც იყო და მამაც.
საკუთარი თავისთვის არასდროს ეცალა. იტყოდა, ჩემი თავი ჩემ ქმართან ერთად დავმარხე და ახლა შვილების თვალებით ვუყურებ სამყაროსო.
სამი ვაჟი ეზრდებოდა. სამი სიხარული და დარდი.
მამლის ყივილამდე წამოდგებოდა, სანამ კარგად გათენდებოდა, ნახევარზე მეტი საქმე მოლეული ჰქონდა.
სამივეს უნივერსიტეტი დაამთავრებინა. სამივე ცალ-ცალკე დააბინავა…
თვითონ ნაბოლარასთან დარჩა, სანამ ჯანი მერჩის, ბოლომდე მოვემსახურებიო.
მესამე ბიჭიც დაქორწინდა, შვილები შეეძინა.
უკვე მოხუცი, წელში მოხრილი დედა გრძნობდა, რომ მალე ზედმეტი იქნებოდა.
ჯერ უსიტყვოდ, უთქმელად, გამოხედვით გრძნობდა, მერე დაძაბულობა უფრო და უფრო თვალშისაცემი ხდებოდა.
წლებთან ერთად ცხოვრებას სიმძიმეც ემატებოდა.
ძმებს შორის ხშირად იყო დაპირისპირება, ვის უნდა აეკიდებინა ზურგზე მოხუცი დედა.
გაუსაძლისი იყო იმაზე ფიქრი, რომ მოხუცის ადგილი, ვერც ერთი შვილის სახლში ვერ მოინახა.
მესამე შვილის ცოლმა გამოსავალი იპოვა, მოხუცთა თავშესაფარი…
დანარჩენებმაც მხარი დაუჭირეს.
იწვა მოხუცი, კედელთან მიდგმულ რკინის საწოლში… იწვა და გრძნობდა, რომ ეს საწოლი, უკვე კუბოდ ექცა… კუბოს კი ხვალ დილით გაასვენებდნენ….
სამივე შვილი მხრებზე შეიდგამდა ცოცხალ დედას და მოხუცთა თავშესაფარში ცოცხლად დამარხავდნენ…
იქ წასვლას სიკვდილი ერჩივნა…
ერთ ღამეში გოლგოთა გამოიარა, ის ერთი ღამე მთელი მისი ცხოვრების შეჯამება აღმოჩნდა.
ოთახში მხოლოდ სიბნელე, კუბოდ ქცეული რკინის საწოლი, უკვე ცარიელი კარადა და მოხუცის ბარგით გატენილი ჩანთა იდგა…
ვეღარც მამლის დაყივლებას დაასწრო წამოდგომა…
მამალმაც სამჯერ იყივლა, სოფელსაც დაათენდა და შვილებისგან უარყოფილ მოხუცს აღარ დასჭირდა მოხუცთა თავშესაფარში წასვლა…
TOP სიახლეები:
- “ჰანტავირუსის” აფეთქება საკრუიზო გემზე – გველის თუ არა ახალი პანდემია?
- შიო მესამე -“საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას”
- შიო მესამე – გთხოვთ, ილოცეთ ჩემთვის, ჩვენი ეკლესიის მომავლისთვის
- შიო მესამე – ქართველმა ხალხმა უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა თავისი ნამდვილი სახე, საუკუნეებია, ჩვენი ქვეყანა იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება
- “აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!”-სვეტიცხოველში შიო III საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრდა

