🔵რამდენიმე მცენარე უკავშირდება აფხაზეთსა და სოხუმს ჩემთვის. ციტრუსები (ლიმონ-მანდარინ-ფორთოხალი), აკაცია, ევკალიპტი, მაგნოლია (ხომ გახსოვთ: „მშვენიერი ზღვების, მშვენიერი მთების ტრფობა გაგვყოლია… როგორ მინდა შენთან, როგორ მინდა შენთან, ჩემო მაგნოლია!“), ფეიხოა…
🔵არადა, არცერთი მათგანი ჩვენი კუთხისთვის ენდემური არაა. ყველა მათგანი მიგრანტები არიან. მაგრამ მშვენივრად მოერგნენ ჩვენს კუთხეს და ჩვენებურებად იქცნენ.
🔵თვალს დავხუჭავ და ვხედავ ზღვას, ციტრუსების პლანტაციას, აკაცია, ევკალიპტისა და მაგნოლიის კორომებს, მთებს… თითქოს მათი სურნელის შეგრძნებაც შემიძლია, ხელის შეხებაც.
🔵ზღვა ყოველთვის მშვიდია, ლაღია, მის სანაპიროზე კი სულ იცინიან, ყავას მიირთმევენ სოხუმელნი.
🔵თუმცა, სოხუმის და, ზოგადად, აფხაზეთის ჰავა (ისევე, როგორც მთლიანად კოლხეთის დაბლობისა), ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო არ იყო. უფრო, საზიანო.
🔵კოლხეთის დაბლობში ჭაობების იმპერია ბატონობდა, რომელიც ადგილობრივთ მალარიით „აჯილდოებდა“. ჰოდა, მეგრელებმა შენიშნეს, რომ რაც უფრო მეტ ცხარე წიწაკას მიირთმევდნენ, მით უფრო მალე განიკურნებოდნენ ან თავს დაიცავდნენ ამ ვერაგი დაავადებისგან. არ ვიცი, მედიცინა და მეცნიერება ამ მხრივ რას ამბობს, ეთანხმება თუ არა ჩვენი ბრძენი წინაპრების სამედიცინო ხედვას, მაგრამ ამ მცენარისადმი მეგრელთა დიდი სიყვარული სწორედ მალარიამ განაპირობა. შემდეგ ეს ცოდნა დღევანდელმა აფხაზებმა გადაიღეს და ახლა მეგრელი და აფხაზი იმაშიც ვედავებით ერთმანეთს, აჯიკა რომელმა შეკაზმა პირველად.
🔵მოკლედ, ჰავა ძალიან ცუდი იყო. აქ ჩამოსული უცხოელები ძალიან დიდხანს ვერ ძლებდნენ და მალევე სამშობლოში ბრუნდებოდნენ ან საქართველოს შიდა მხარეებში თუ შავიზღვისპირეთის სხვა კუთხეებისაკენ მიეშურებოდნენ.
🔵მაგრამ XIX საუკუნეში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რუსმა მისი ჩექმა გარეცხა და აქედან წასვლაზე უარი თქვა. თქმა ერთია და ცხოვრება – მეორე. მალარია დაუნდობლად ანადგურებდა ჩრდილოეთიდან მოსულ სტუმარს, მასპინძლობა რომ გადაუწყვეტია.
🔵თუმცა ამ პერიოდისთვის მეცნიერებაც წინ წავიდა და კაცობრიობა მიხვდა, თუკი ჭაობს ამოაშრობდა, კოღო ანოფელესიც ამოწყდებოდა და მალარიაც არ გავრცელდებოდა. ჭაობის ამოსაშრობად კი ევკალიპტი აღმოჩნდა მოწინავეთა რიგებში. ჰოდა, დაიძრნენ ავსტრალიიდან და კუნძულ ტასმანიიდან ხომალდები ამ მცენარის ნერგებით თუ თესლებით.
🔵მალე ხმელთაშუაზღვისპირეთის ევროპული სანაპირო ევკალიპტების მეორე სამშობლოდ იქცა. თან როგორი მცენარეა: თვალს რომ ახარებს და ჰაერიც მისი უცხო სურნელით მდიდრდებოდა.
🔵1850-იანი წლების დასაწყისში რუსები მიხვდნენ, რომ აფხაზეთის გეოგრაფია – სუბტროპიკები, ზღვა, მთა, შესანიშნავი კლიმატური პირობები (მზიანი დღეების რაოდენობა წვიმიანს რომ აჭარბებს) – მშვენიერ შესაძლებლობას იძლეოდა აქ განსაკუთრებული საკურორტო ზონის ორგანიზებისათვის.
🔵თუმცა, იქამდე შორი იყო: ჯერ კავკასიის ომი უნდა დაესრულებინათ, მერე ადგილობრივები (ქართველები და აფხაზები) აქედან გაესახლებინათ და თავისუფალი მიწაც მათი გახდებოდა.
🔵ამ გეგმის აღსრულებამდე კი აფხაზეთში ევკალიპტების გაშენება დაიწყეს. მასთან ერთად, მარადმწვანე აკაციაც შემოიტანეს, რომელიც ძალიან ალამაზებდა გარემოს. ჭარბტენიანი გარემოს მცენარე იყო. ამასთან, ძალიან მდიდარი ნიადაგიც არ სჭირდება და ამიტომაც მალევე გაგვიშინაურდა.
🔵აკაციის რამდენიმე ჯიში შემოვიდა აფხაზეთში. მათ შორის აღმოჩნდა Acacia dealbata. ბოტანიკოსებმა მონათლეს ასე. ხალხურად კი „ვერცხლისფერი აკაცია“ ჰქვია. ეს ლამაზი ხე სახალხოდ კი „მიმოზად“ იქცა.
🔵მიმოზა გაზაფხულის მახარობელია. ის იანვრის შუა რიცხვებიდან იწყებს ყვავილობისთვის მზადებას და თებერვალ-მარტის მიჯნაზე უკვე აჩახჩახებულ მზედ იქცევა.
🔵იშვიათი იყო ეზო, მიმოზის ერთი ხე მაინც რომ არ დაერგო აფხაზეთელს.
🔵აფხაზეთის და სოხუმის გადაქცევა საკურორტო ზონად მეფის რუსეთის დროს დაიწყო. 1900-იანი წლების დასაწყისში სოხუმის ურბანიზაცია უკვე ფრანგული რივიერის მსგავსად მიმდინარეობდა.
🔵 თუმცა, მალე ბოლშევიკებმა ყველაფერი დაანგრიეს რუსეთის იმპერიაში, მაგრამ სოხუმსა და აფხაზეთს, მისი საკურორტო დანიშნულებიდან გამომდინარე, ძალიან არ შეეხნენ. უფრო კი, მისი განვითარება დაიწყეს.
🔵თანდათან სოხუმი, საბჭოთა კავშირში, გამორჩეულ ქალაქად ჩამოყალიბდა. ერთგვარი მარგალიტი იყო იმ უღიმღამო სისტემაში, რომელიც ყველაფრის გათანაბრებას ითხოვდა.
🔵სოხუმსა და აფხაზეთში კი დაუწერელი კანონები მოქმედებდა: აქ საბჭოთა მოქალაქის „გამდიდრებაზე“ ხელისუფლება „თვალს ხუჭავდა“ და ქალაქსაც არასტანდარტულ საბჭოურ იერს აძლევდა ამის გამო.
🔵ცივ რუსეთში ყვავილები გვიან ყვავილობენ. 8 მარტი – ქალთა საერთაშორისო დღე, რომელსაც „დიად საბჭოეთში“ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდნენ, მოსკოვისთვის ცივ პერიოდს ემთხვეოდა. ამასობაში კი აფხაზეთში მთელი ძალით მზეობდა მიმოზა, რომელიც სილამაზესთან ერთად, სითბოსაც და სურნელსაც აფრქვევდა.
🔵მოსკოვს სარვამარტოდ ყვავილები სჭირდებოდა. ამიტომ მიმოზა ქალთა საერთაშორისო დღის საბჭოურ სიმბოლოდ იქცა.
🔵აფხაზეთელები მიეზიდებოდნენ მიმოზას მოსკოვში და სარფიანადაც ყიდდნენ. ცენტრში ამ მცენარისთვის ფულს არ იშურებდნენ, ოღონდაც კი ქალები ყვავილებით გაეხარებინათ.
🔵საკუთრივ აფხაზეთში მიმოზას მაინცდამაინც, ამ თვალსაზრისით, არ სწყალობდნენ. იმდენად ბევრი სხვა ყვავილოვანი მცენარე იყო, რომ მიმოზას მათ კონკურენტად ვერ მოიაზრებდნენ. თუმცა, ამზევებული ხე კი ყველას თვალს ახარებდა.
🔵მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთში ყველანაირი ტექნოლოგია არსებობს ზამთრის პირობებში სარვამარტოდ ყვავილების გასახარებლად და მოსაყვანად, ისინი მაინც „აფხაზურ“ მიმოზას მიეზიდებიან.
🔵სოხუმში მიმოზა აყვავებულა”.