თერჯოლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძუსაში ოთხი ადამიანი დაიხრჩო. შემთხვევა სოფელ ზედა საზანოში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ექვსი ადამიანი ჩანჩქერზე იმყოფებოდა, რა დროსაც ერთ-ერთს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა. მის დასახმარებლად მდინარეში ოთხი ადამიანი ჩავიდა, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ , ერთი ადამიანის გადარჩენა მოხერხდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ხოლო ხმელეთზე მყოფი პირი არ დაშავებულა.
თერჯოლის მერის, მანუჩარ რობაქიძის განცხადებით, ცხედრები ქუთაისში, პროზექტურაშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა გოგო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.