ეს არის პრემიერ-მინისტრის პირველი გარე ვიზიტი, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება ქალაქ ბრიუსელში, – ამის შესახებ ევროკავშირთან საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის რიგით მერვე, მაგრამ პირველი ასოცირების საბჭო მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და პირველი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა იქნება.
„დღეს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ვიზიტი ბრიუსელში. მოგეხსენებათ, რომ ეს არის პრემიერ-მინისტრის პირველი გარე ვიზიტი, შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი ხორციელდება ქალაქ ბრიუსელში. დარწმუნებული ვარ, რომ ვიზიტი იქნება უაღრესად საინტერესო და შინაარსობრივად დატვირთული. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო. ეს არის რიგით მერვე, მაგრამ პირველი ასოცირების საბჭო მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ყურადღებას გავამახვილებ ასოცირების საბჭოს დღის წესრიგზე, რომლის პირველი თემაც გახლავთ სწორედ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივი სიახლეა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგისთვის. აქედანაც ჩანს, რომ ევროკავშირთან და ევროპულ მხარესთან ჩვენ უკვე ვსაუბრობთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების გზაზე და ამ გზაზე გადასადგმელ ნაბიჯებზე. ბუნებრივია, საუბარი იქნება იმ რეფორმებზე, იმ ნაბიჯებზე, რომელსაც საქართველო ახორციელებს, იმ ცხრა რეკომენდაციაზე, რომელიც ჩვენ შემოგვთავაზა ევროკომისიამ და მათი იმპლემენტაციის მდგომარეობაზე. ასევე ხაზი გაესმება იმას, რომ შემდეგი უახლოესი ნაბიჯი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გახლავთ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. ბუნებრივია, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება სექტორალურ ინტეგრაციაზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და ზოგადად, საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე ინტეგრაციის თემატიკაზე. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ევროპულ მხარესთან. რამდენიმე მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო პროცესები, მათ შორის, როუმინგის თემატიკასთან დაკავშირებით, მათ შორის, კატასტროფების მექანიზმებში გაწევრიანების მექანიზმებში გაწევრიანების მიმართულებით და კიდევ რამდენიმე სხვა სექტორალური კუთხით. საქართველო აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას, რომ მაქსიმალურად დავახლოვდეთ ევროკავშირთან ყველა ამ მიმართულებით”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
მისი თქმით, ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე.
„ასოცირების საბჭოს ფარგლებში ასევე საუბარი იქნება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე. ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს მიაწვდის ინფორმაციას ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული მიმართულებით არსებულ იმ მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში. ბუნებრივია, გაიმართება დისკუსია, იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შემდგომი პოზიტიური როლი შეასრულოს ევროკავშირმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ბატონ შარლ მიშელთან, ისევე, როგორც საუბარი შედგება უმაღლეს წარმომადგენელთან, ბატონ ბორელთან, გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისართან ბატონ ვარჰეისთან, ასევე კომისარ ლენარჩიჩთან, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის კატასტროფების დაძლევის მიმართულებებზე. ასევე ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტთან ქალბატონ რობერტა მეცოლასთან. წინა ასოცირების საბჭოს დღის წესრიგი განსხვავდებოდა მიმდინარე დღის წესრიგისგან. სხვადასხვა ფორმულირებით ხდებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ჩანაწერების გაკეთება. ვფიქრობ, რომ უაღრესად ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგში პირდაპირ არის მითითებული საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ვფიქრობ, რომ ეს თვისობრივად ცვლის ჩვენს დისკუსიას და ჩვენს ურთიერთობებს ევროკავშირთან და ნებისმიერი ნაბიჯი დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა.
ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროკავშირსა და ნატოში.