უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფას გულისხმობს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური კირილი (ვლადიმერ გუნდიაევი) ძებნილად გამოაცხადეს. ამას უკრაინის შსს-ს ძიების მონაცემთა ბაზა ადასტურებს.
მონაცემთა ბაზაში მითითებულია კირილის „გაუჩინარების“ თარიღი – 11 ნოემბერი, ხოლო გაუჩინარების ადგილი არის რუსეთის ფედერაციის დედაქალაქი – მოსკოვი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის უშიშროების სამსახურისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი გამოძიების შედეგად შეგროვდა მტკიცებულებათა ბაზა, რომელიც ადასტურებს, რომ მოსკოვის პატრიარქი რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის შიდა წრის ნაწილია და საჯაროდ უჭერს მხარს რუსეთის სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ.